ყველაზე ძვირად და იაფად შესანახი ავტომობილები
ცნობილია, რომ საცხოვრებელი სახლის შემდეგ ყველაზე ძვირადღირებული რამ რასაც საშუალო სტატისტიკური ადამიანი ფლობს ავტომობილია. საშუალოდ, ჩვენ შემოსავლის 5%-ს ავტომობილის შეძენაში ვხარჯავთ. ასევე 5% მიდის მიმდინარე მოვლისა და დაზღვევის ხარჯებზე, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ხარჯები საქართველოს რეალობაში კიდევ უფრო მაღალია.
ავტომანქანის შენახვა, მისი მწყობრში ყოლა და გამართულად მუშაობა ავტომობილის ყველა მფლობელის გამოწვევა და თავის ტკივილია. სხვადასხვა ბრენდის ავტომობილის მოვლა სხვადასხვა პრობლემებთან, რისკებთან და ფინანსებთანაა დაკავშირებული.
ამერიკაში ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს თუ რა ჯდება საშუალოდ თითოეული ბრენდის ავტომანქანის შენახვა 10 წლის მანძილზე, საქართველოს პირობებში რიცხვები განსხვავებულია, თუმცა ტენდენცია მაინც ნარჩუნდება. რა თქმა უნდა, სტატისტიკაში არ არის მოცემული ისეთი ავტომწარმოებლები, როგორებიცაა, მაგალითად Bugatti, Ferarri და Aston Martin-ი და სხვები, რადგან ისინი არ აწარმოებენ სტანდარტულ ავტომობილებს.
წარმოგიდგენთ 5 ყველაზე ძვირად შესანახ საავტომობილო ბრენდს. სტატისტიკაში მოცემულია 10 წლის ხარჯი:
1) BMW – $17,800
2) Mercedes-Benz – $12,900
3) Cadillac – $12,500
4) Volvo – 12,500
5) Audi – $12,400
რაც შეეხება მოდელებს, ძვირად შესანახი ავტომობილების სიას Chrysler Sebring უდგას სათავეში, მისი 10 წლის განმავლობაში შენახვა – $17,100 ჯდება. მეორე ადგილზეა BMW 328i – $15,600. მესამეზე Nissan Murano – $14,700.
ყველაზე იაფად შესანახი მანქანის ბრენდების უმეტესობა, როგორც მოსალოდნელი იყო, იაპონიიდანაა. წარმოგიდგენთ 5 ყველაზე იაფად შესანახ საავტომობილო ბრენდს:
1) Toyota – $5,500
2) Scion – $6,400
3) Lexus – $7,000
4) Honda – $7,200
5) Mitsubishi – $7,400
რაც შეეხება კონკრეტულ მოდელებს, ყველაზე იაფად შესანახი მანქანის, Toyota Prius-ის 10 წლის განმავლობაში შენახვა $4,300 ჯდება. მეორე ყველაზე იაფად შესანახი მოდელია Kia Soul – $4,700. მესამე Toyota Camry – $5,200. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მანქანების საშუალო ასაკი 10 წელზე მეტია მათი მოვლის ხარჯები კიდევ უფრო იზრდება.
მანქანის დაძველებასთან ერთად იზრდება ტექნიკური ხარჯებიც. კვლევის ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ ხარჯების სტაბილური, თანმიმდევრული ზრდა ყოველ წელს $150-ია.