Ford-მა კომპაქტური პიკაპი Maverick წარმოგვიდგინა

ბოლო ორი თვის განმალობაში, ამერიკული ბაზრისთვის, ეს რიგით მეორე კომპაქტური პიკაპია.  წინ მეტად საინტერესო დაპირისპირება გველის: Ford Maverick vs Hyundai Santa Cruz. დღეს, რა თქმა უნდა, ვერსუს ფორმატში არ ვისაუბრებთ ეს უფრო მომავლის საკითხია.

შეიძლება ითქვას, რომ სახელი მავერიკი ფორდისთვის ისტორიულია. ამ სახელით, სხვადასხვა დროს, განსხვავებული ტიპისა და ზომის ავტომობილები იწარმოებოდა, ასე მაგალითად: გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში, ამერიკული ბაზრისთვის ორ კარიანი Ford Maverick Sprint შეიქმნა. ოთხმოციან წლებში ავსტრალიის ბაზრისთვის, Nissan Patrol Y60-ის ტყუპისცალი Ford Maverick, ხოლო 90-იან წლებში ევროპელებისთვის, Nissan Terrano- II-ის ანალოგი Maverick. საინტერესოა კომპაქტური პიკაპი, გაამართლებს კი, ერთის მხრივ მწარმოებლის, მეორეს მხრივ, მომხმარებლების იმედებს ?

 ახალი Ford Maverick-ი, ისეთივე პლატფორმაზეა აწყობილი, როგორზეც Ford Escape და Bronco Sport. წინ ზამბარებიანი შასი აქვს და McPherson-ის საყრდენები, ხოლო უკან, დამოუკიდებელი საკიდარი. მისი ყველა ელემენტი გაძლიერებულია. საბაზისო მოდელი, მხოლოდ წინა წამყვანია, თუმცა დამტებითი თანხის გადახდის შემთხვევაში, შეგიძლიათ სრული ამძრავიც შეუკვეთოთ.

Maverick-ის პარამეტრები შემდეგნაირია: სიგრძე 5072მმ, სიგანე 1844მმ, სიმაღლე 1745მმ,  ხოლო თვლების ბაზა კი 3076მმ-ს შეადგენს. თუ შევადრით მონათესავე მოდელებს, საკმაოდ მომცრო ზომისაა, ამიტომაც დამსახურებულად შეარქვეს კომპაქტური პიკაპი.

მისი ინტერიერი, თითქმის იგივეა, რაც Bronco Sport-ის, თუმცა წინა პანელს დიზაინი მაინც შეუცვალეს. ხელსაწყოთა პანელს თუ დავაკვირდებით, სტანდარტულია და რაიმე სახის ინოვაციას არ გვთავაზობენ. აქ თქვენ დაგხვდებათ: მულტიფუნქციური საჭე, ცენტრალურ კონსოლზე 8 დუიმიანი touchscreen ეკრანი, Apple CarPlay და Android Auto მხარდაჭერით, Ford Co-Pilot360, FordPass Connect და WiFi წვდომით. კლიმატ-კონტროლის სამართავი პულტი, სენსორების მაგიერ, მოძველებული ღილაკებითაა აღჭურვილი. ალბათ კომპანიამ თანხა დაზოგა, თორემ სხვა რა ახსნა უნდა მოვუძებნოთ?

რაც შეეხება ძალოვან აგრეგატს, Maverick-ის საბაზისო მოდელი ჰიბრიდია. ის აღჭურვილია ბენზინის, 2.5 ოთხცილინდრიანი და ელექტრო, 94 kWh-იანი ძრავით. ჯამში 194 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მას უსაფეხურო გადაცემათა კოლოფი PowerSplit აქვს. თუ სიმძლავრე არ გაკმაყოფილებს, შეგეძლება შეუკვეთო 2.0 EcoBoost, რომელიც 253 ცხენის ძალის გამომუშავებას შეძლებს და დაწყვილებული იქნება რვა საფეხურიან გადაცემათა კოლოფთან. რაც მთავარია, მისი დაკიდების სისტემა, საბაზისოსთან შედარებით გაძლიერებული იქნება და აღიჭურვება FX4 პაკეტით, ასევე Mud/Rut და Sand-ის ფუნქციებით.

2022 წლის Ford Maverick-ის წარმოება, მექსიკის ქალაქ ერმოსილიოში (Hermosillo), ამა წლის სექტემბერში იგეგმება. საბაზისო მოდელის ფასი $19,995-დან დაიწყება, სულ წარმოდგენილი იქნება სამი სხვადასხვა მოდელი: Maverick XL, XLT და LARIAT.