BMW-ს ახალი ავტომანქანა, რომლის ფერის შეცვლაც აპლიკაციის საშუალებით შეგეძლებათ
ლას ვეგასში 6 იანვარს BMW-მ მსოფლიოში პირველი ისეთი ავტომანქანა წარადგინა, რომლის ფერის შეცვლაც მანქანის მფლობელებს შეეძლებათ. BMW iX Flow-ის შექმნისას გამოყენებული იქნა ელექტრონული მელანი, რომელიც ჩვეულებრივ ელექტრონულ-მკითხველებში გვხვდება. ეს ინოვაცია მფლობელს აძლევს საშუალებას ტელეფონის აპლიკაციის გამოყენებით მანქანის ექსტერიერს ფერები შეუცვალოს.
“ეს ენერგოეფექტური ფერის შეცვლის შესაძლებლობა, ნამდვილად მნიშვნელოვანი ინოვაციაა ავტომწარმოებლებისათვის. ჩვენ ავიღეთ სქელი ფურცლის ტიპის ელექტრონული მასალა და შემდეგ ის დავიტანეთ ისეთ 3D ობიექტზე, როგორიც ავტომანქანაა, რამაც მოგვცა საშუალება ელექტრონული ოპერაციით შესაძლებელი გაგვეხადა ექსტერიერზე გამოყენებული ფერების შეცვლა” ამბობენ BMW-ს წარმომადგენლები.
ტელეფონის აპლიკაციის მიერ კონტროლირებადი ელექტრული სიგნალებით სტიმულირებისას მასალას ზედაპირზე გამოაქვს სხვადასხვა პიგმენტები, რაც იწვევს შესაძლებლობას – ავტომანქანას მიეცეს სხვადასხვა ფერი და დიზაინი. BMW-ში ამბობენ, რომ მომავალში სისტემა კიდე უფრო დაიხვეწება და აღარც აპლიკაციის გამოყენება გახდება საჭირო – პირდაპი ავტომანქანაში იქნება ღილაკი, რომლითაც შეგეძლებათ ფერების ცვლა.
BMW-ში ამბობენ, რომ არ არის საჭირო არანაირი ენერგია შეცვლილი ფერის შესანარჩუნებლად. გარდა ესთეტიკური მიზნისა, ამ ინოვაციას პრაგმატული გამოყენებაც აქვს, კერძოდ, მაგალითად, ზაფხულში, მზის სხივებისა და ზედმეტი სიცხისგან თავის ასაცილებლად შეგიძლია მანქანა თეთრ ფერზე გადაიყვანო, ხოლო სიცივის შემთხვევაში, იგივე მიზეზით – შავზე.