პორშეს და აუდის სულ მალე ფორმულა ერთში ვიხილავთ

აუდის და პორშეს წარმომადგენლები ფორმულა ერთში მონაწილეობაზე წლების განმავლობაში გამოთქვამდნენ სურვილს. როგორც ჩანს, მათი სურვილი მალე რეალობად იქცევა. როიტერის ცნობით ვოლფსბურგში ფოლკსვაგენის ოფიციალური კონფერენცია გაიმართა. გენერალურმა დირექტორმა, ჰერბერტ დიეზმა, კონფერენციაზე დაადასტურა, რომ აუდის და პორშეს ფოლკსვაგენის ჯგუფისაგან ფორმულა ერთში მონაწილეობის მიღების უფლება მიეცემა.

დიეზმა განმარტა, რომ ამ საკითხზე დიდხნიანი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და საბოლოოდ მისი დადებითად გადაწყვეტა ძირითადად ფინანსური პრობლემების გადაჭრას უკავშირდება. ფოლკსვაგენის წარმომადგენლები საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ პროექტისგან მიღებული შემოსავალი გაუსწრებდა ხარჯებს.

დიეზს არ დაუზუსტებია, თუ როგორ და როდის ჩაერთვება აუდი და პორშე ფორმულა ერთში. სხვადასხვა გამოცემებზე დაყრდნობით აუდი ეცდება უკვე შექმნილი გუნდის – მაკლარენის შეძენას, ხოლო პორშე ინდუსტრიაში შემოსვლას ძრავის მწარმოებლად აპირებს – მისი პარტნიორი რედ ბული იქნება.

როგორც ვიცით, 2026 წლისათვის წესების ცვლილებებია დაგეგმილი, რომლის მიხედვითაც, ავტომანქანებს შეეძლებათ სრულად სინთეტიკური საწვავის მოხმარება. აუდი და პორშე, გამოცემების აზრით, სწორედ ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეთ ჩაერთვებიან ფორმულა ერთში , რადგან ამ დროს ყველა გუნდს თანაბარი სასტარტო პოზიცია ექნება და შედარებით მარტივი იქნება კონკურენციაში ჩაბმა.

პორშეში წლებია ცდილობენ, რომ თავიანთი ახალი ავტომანქანის ძრავები მაქსიმალურად მოარგონ სინთეტიკურ საწვავს. ფორმულა ერთში ჩართვა და სხვა გუნდებთან კონკურენცია პორშეს მისცემს შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო დახვეწოს ეს ტექნოლოგია.