რა უნდა გაითვალისწინოთ მეორადი ავტომანქანის ყიდვისას.

ავტომანქანის ფასების მატებასთან ერთად იმატებს მეორადი ავტომანქანის მყიდველთა რიცხვი. მეორადი ავტომანქანის შეძენა ფინანსურად მომგებიანია, თუმცა ამასთანავე ბევრ რისკთანაა დაკავშირებული. ამ რისკების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია გაითვალისწინოთ რამდენიმე გარემოება:

1) პირველ რიგში, იმისათვის რომ არ მოტყუვდეთ, მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ რა არის იმ მეორადი ავტომანქანის რეალური ფასი, რომლის ყიდვასაც აპირებთ. როგორც ვიცით, ცვეთის გამო ავტომანქანის თავდაპირველი ღირებულება მნიშვნელოვნად იკლებს.  თქვენ არ უნდა იფიქროთ, რომ კარგი ფასი შემოგთავაზეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ნაკლებია, ვიდრე ამავე ავტომანქანის თავდაპირველი ღირებულება. მაგალითად, შესაძლოა ცვეთის გამო ავტომანქანის რეალური ფასი ბევრად ნაკლები იყოს იმ ფასთან შედარებით, რომელსაც თქვენ გთავაზობენ.


2) კარგად გაარკვიეთ მანქანის ასაკი – ის დაგეხმარებათ ფასზე მოლაპარაკებაში, მეორადი ავტომანქანის რეალური ფასის დადგენაში. ასევე წარმოდგენა შეგექმნებათ ავტომანქანის ტექნიკურ მდგომარეობაზე.


3) მეორადი ავტომანქანის ყიდვისას აუცილებელია გაარკვიოთ ხელმისაწვდომია თუ არა მისი ტექპასპორტი, წინა ტექინსპექტირებების დამადასტურებელი ანგარიში, როდის ჩაუტარდა ბოლოს ინსპექტირება და ხარვეზების ქონის შემთხვევაში, ჩაეძიეთ რა იყო კონკრეტული პრობლემა. 


4) აუცილებელია, რომ ზუსტად იცოდეთ მეორადი ავტომანქანის ტექნიკური მდგომარეობა. რადგან ავტომანქანა მეორადია, დიდი შანსია, რომ მას ჰქონდეს ტექნიკური პრობლემები. გამყიდველს აუცილებლად კითხეთ კონკრეტულად რომელ ნაწილს აქვს პრობლემა. გაარკვიეთ რა დაგიჯდება მისი გამართვა და კარგად გააანალიზეთ  გიღირთ თუ არა შეძენის ფასთან ერთად მის შეკეთებაში დამატებითი ფინანსური რესურსის ჩადება.

5) გაარკვიეთ არის თუ არა ავტომანქანა ნაავარიევი. თუ ნაავარიევია, გაიგეთ რომელი ნაწილი არის გამოცვლილი, ან გადაღებილი.

6) გაიგეთ ავტომანქანის ამჟამინდელი მდგომარეობა. როდისაა შეცვლილი აკუმულატორი, ძრავისა და გადაცემათა კოლოფის ზეთი.

7) მნიშვნელოვანია ზუსტად გაიგოთ ავტომანქანის გარბენი. ზოგჯერ სხვადასხვა მანიპულაციის საშუალებით გამყიდველები ხელოვნურად ამცირებენ გარბენის რიცხს, ამას უწოდებენ  ე.წ. „ჩამოყრას“. შესაბამისად, თუ ავტომაქანის გარბენი მის მდგომარეობასთან შედარებით ზედმეტად დაბალ რიცხვს აჩვენებს, აუცილებელია ჩაეძიოთ გამყიდველს.


8) თავი დაიზღვიეთ და გაარკვიეთ არის თუ არა ავტომანქანა დაყადაღებული, ან ლომბარდში ჩადებული. ასევე თუ რამე დაგაეჭვებთ, ეცადეთ გაარკვიოთ ნამდვილად არის თუ არა გამყიდველი ავტომანქანის მფლობელი. ხომ არ ყიდის ის მოპარულ ან ნათხოვარ ავტომანქანას.

9) ბოლოსათვის, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ შეძენამდე თავადვე გატესტოთ ავტომანქანა. მართვისას ყველაზე კარგად დაინახავთ მის ხარვეზებს.