თვითმართვადი ავტომანქანების დადებითი და უარყოფითი მხარეები

თვითმართვადი ავტომანქანების შექმნა ავტომწარმოებლებისათვის ჯერ-ჯერობით შეუსრულებელი ამოცანაა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში შევძლოთ ასეთი ავტომანქანების გამოყენება, თუმცა ამ მხრივ 2022 წელს წინ დიდი ნაბიჯი გადაიდგმება. კერძოდ, ბრიტანეთის სატრანსპორტო დეპარტამენტის განცხადებაში წერია, რომ პირველი თვითმართვადი ავტომანქანა 2022 წელს სატესტო რეჟიმში გამოიცდება. შესაბამისად, საინტერესოა გავიგოთ, თუ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები ექნებათ მომავალში თვითმართვად ავტომანქანებს.

დადებითი მხარე  1) თვითმართვადი ავტომანქანების ერთ-ერთი უდიდესი პლუსი  იქნება მისი უსაფრთხოება. სტატისტიკურად საგზაო შემთხვევების 85 პროცენტი მძღოლთა შეცდომების გამო ხდება, ავტოპილოტის მქონე ავტომანქანებში კი ეს პრობლემა აღმოიფხვრება. განსაზღვრული იქნება ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე და უსაფრთხო დაშორება სხვა ავტომობილებთან.

დადებითი მხარე 2) თვითმართვადი ავტოპილოტის მქონე ავტომანქანები დაწვავენ ნაკლებ საწვავს. ავტოპილოტით ავტომანქანა იმართება უფრო რბილად, შესაბამისად, თავიდან აცილებული იქნება არასაჭირო მანევრები – ხშირი დამუხრუჭება, აჩქარება …

დადებითი მხარე 3) ის ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი, კერძოდ, მისი გამოყენება შეეძლებათ, შშმ პირებს, ხანდაზმულებს , მართვის მოწმობის არმქონე, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების მქონე პირებს.

უარყოფითი მხარე 1) გადაიტვირთება მოძრაობა და გაიზრდება საცობი. გამოყენების გამარტივება გამოიწვევს ავტომანქანების გაზრდილ რიცხვს. სტატისტიკის მიხედვით, გამოკითხულთა 35 პროცენტი ამბობს, რომ ისინი უფრო ხშირად გადაადგილდებიან შორ მანძილზე ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომანქანებით, ვიდრე ამას აკეთებდნენ მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომანქანების მართვისას. ასევე, შემცირებული იქნება სისწრაფეც, კერძოდ, პირველი ავტოპილოტის მქონე ავტომანქანის მაქსიმალური სიჩქარე – 37 კმ/სთ იქნება.

უარყოფითი მხარე 2) რადგან ავტომანქანას ექნება ინფორმაციული ტექნოლოგიის სისტემა, შესაბამისად, იქნება საფრთხე, რომ ის გატეხონ. ავტომწარმოებლისათვის ავტოპილოტზე მომუშავე ავტომანქანების შექმნისას  კიბერუსაფრთხოება ერთ-ერთ უმთავრესი  დაბრკოლებაა.

უარყოფითი მხარე 3) ავტომანქანას ექნება რადარები, კამერა და სენსორის სისტემა, რაც დაეხმარება მას გარემო პირობებთან და გზასთან ადაპტაციაში, თუმცა, საეჭვოა რამდენად შეძლებს ის რთულ საგზაო სიტუაციებთან ადაპტაციას. რა თქმა უნდა, ადამიანის ტვინი უფრო კარგად რეაგირებს უჩვეულო სიტუაციებზე, ვიდრე ავტოპილოტზე მომუშავე ავტომანქანა.