Xiaomi ელექტრო მანქანის პროტოტიპს 2022 წლის აგვისტოში წარადგენს
პირველად ჯერ კიდევ 2021 წლის ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Xiaomi ელექტრო მანქანების წარმოებას აანონსებდა, მაგრამ მას შემდეგ მათგან ახალი ინფორმაცია არ გაგვიგია, ახლა კი უკვე დაზუსტებულად, Xiaomi-ს დამფუძნებელმა ლეი ჯუნმა დაადასტურა, რომ პირველ პროტოტიპს ამა წლის აგვისტოში წარადგენენ.
იმავე განცხადებაში ლეი ჯუნი ამბობს, რომ მისი დროის ნახევარზე მეტს Xiaomi Auto-ს სათაო ოფისში ატარებს და მისი მთავარი ფოკუსიც სწორედ ელექტრო მანქანის წარმატებული პროექტის განხორციელებაა. ჯერ ავტომანქანას ცხელი ზაფხულისა და ცივი ზამთრის ტესტები ელის, 2024 წელს კი ავტომანქანა უკვე სერიულ გაყიდვაში ჩაეშვება.
Xiaomi ელექტრომობილების ბიზნესში საკმაოდ სოლიდური ინვესტიციით შემოდის. თავდაპირველად ისინი 1.5 მილიარდ დოლარს დახარჯავენ, შემდეგ ეტაპზე კი დამატებით 10 მილიარდს.
2021 წლის ნოემბერში უკვე საფუძველი ჩაეყარა პეკინში ქარხნის მშენებლობას, რომელსაც ყოველწლიურად არც მეტი არც ნაკლები 300 000 ელექტრო მანქანის წარმოება შეუძლია.
როგორც ცნობილია, Xiaomi მიზნად ისახავს A+ და B სეგმენტის მანქანების გამოშვებას. პირველს მოჰყვება L2 ავტონომიური მართვის მხარდაჭერა და სავარაუდო ფასი იქნება 150,000-დან 200,000 იუანამდე (~ $22,230 დან ~ $29,640). შემდეგი თაობის, L3 ავტონომიური მართვის მხარდაჭერით, ფასი 200,000 იუანიდან 300,000 იუანამდე (~ $29,640 და 44,460) იქნება.
დასკვნების გამოტანა ჯერ ადრეა, მაგრამ ფაქტია, რომ Tesla-ს და სხვა წამყვან ავტომწარმოებლებს დღითი დღე ახალი კონკურენტები ემატებათ. ვიმედოვნოთ, რომ Xiaomi-ს ახალი ელექტრო მანქანა იმედებს ნამდვილად არ გაგვიცრუებს.